რეზონანსი
28.02.2019

 ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შემცვლელად თამარ ჩუგოშვილს ამზადებს. უმრავლესობაში დაწყებული რღვევის პროცესი კი პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო სასამართლოში გადანაცვლებით და ბაქრაძე-უგულავა-ბოკერიას საპარლამენტო უმცირესობის დაშლით დასრულდება.

ირაკლი კობახიძის გადაყენების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ის უკმაყოფილება გახდება, რომელიც უმრავლესობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ორწელიწადნახევარში დაგროვდა. ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძეს ამ მდგომარეობამდე საქმე არ უნდა მიეყვანა. პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ კრიტიკის საფუძველი არსებობს და არ არის გამორიცხული, მისი იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.

"უკვე ისეთი სურათია, უკვე აქამდეც, რომ მივიდა ეს პროცესი და უკვე ასეთი სამდურავი ისმის მის მიმართ და პარლამენტი, როგორც  საპარლამენტო  რესპუბლიკის მთავარი ხერხემალი, როდესაც დგას რეპუტაციულად რისკის ქვეშ, უკვე სერიოზული პრობლემაა. აქამდეც არ უნდა მიეყვანა მას საქმე“, - განაცხადა ბესელიამ.

კობახიძის თანაგუნდელებს კი იმპიჩმენტზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნიათ.

"იმპიჩმენტზე საუბარი ძალიან არასერიოზულია", - ასე პასუხობს მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებს, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ.

არადა, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, ირაკლი კობახიძისთვის წამზომი უკვე ჩართულია.

"2020NEWS" თამარ ჩუგოშვილსაც დაუკავშირდა. იგი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა: "არ განიხილება არც პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი და შესაბამისად, არ შემცვლელის თემა. ნამდვილად პირველად მესმის თქვენგან ეს ინფორმაცია".

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველია თანამდებობის პირის ისეთი ქმედება, როგორიც არის: ა) საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა; ბ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, ანუ 50 დეპუტატს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×