(რეზონანსი) ზონალურ-საათობრივი ტრანსპორტის ამოქმედების პარალელურად თბილისის მერია დედაქალაქში მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვაზე, „რამდენად მოსალოდნელია, რომ მოქალაქეების მიერ ავტომანქანების სახლში დაყენების და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის შემდეგ, მუნიციპალურ ტრანსპორტებში გადატვირთულობის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება".
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, 2019 წლის ბოლომდე დედაქალაქში მოძრავი ავტობუსების ჩანაცვლება მოხდება, ხოლო მომდევნო წლიდან ავტობუსების რაოდენობაც დაემატება.
„მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანი ქსელის განახლება მოახდინა და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ გაიზრდება. 1-ელ ივლისამდე ყველა მხრიდან მიმავალი ტრანსპორტი განახლდება, რომელიც ლესელიძემდე მიდის. ახალი ავტობუსების ნაწილი შემოსულია და მარტის ბოლომდე იგეგმება მიწოდება. პირველ რიგში მოხდება ტრანსპორტის ჩანაცვლება ახლით და შემდეგ დაწესდება საფასური, როგორც ლესელიძეზე, ასევე სხვა უბნებში. 2019 წლის ბოლოდან დაიწყება მუშაობა შემდგომი არეალების დაფარვის მიზნით", - განაცხადა ხმალაძემ.
"ამბები.ჯი"