რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) კობა გვენეტაძე საჭიროდ არ თვლის დეტალებზე ისაუბროს და საფრთხის შემცველად მიიჩნევს ამას ბანკისთვის, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა.

კაკულიას განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება, რომ კითხვებზე პასუხის გაცემამ შესაძლოა, "თიბისი ბანკს" ზიანი მიაყენოს, თითიდან გამოწოვილი არ არის.

"კომიტეტის სხდომა დასრულდა. ამის მიზეზი ის მთავარი განცხადება გახლდათ, რომელიც კობა გვენეტაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ ის მზად არის ყველაფერზე ისაუბროს თუ პასუხისმგებლობას კომიტეტის წევრები აიღებენ იმიტომ, რომ მისი მოსაზრებით, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა, კომერციული ბანკისთვის ზარალის მიმყენებელი ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე, როდესაც კომიტეტის წევრებმა ვიმსჯელეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს განცხადება თითიდან გამოწივილი არ არის და ამის უკან ნამდვილად გარკვეული ლოგიკა დგას. ამის გამო კომიტეტის წევრებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყო. ჩავთვალეთ, რომ რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა. ის მოვიდა, მაგრამ რადგან გვენეტაძე საჭიროდ არ თვლის დეტალებზე ისაუბროს და საფრთხის შემცველად მიიჩნევს ამას ბანკისთვის", - განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილისგან ხომ არ იყო დირექტივა, რომ საკომიტეტო განხილვა არ შემდგარიყო, კაკულიამ უპასუხა, რომ დღეს ამინდის გაუარესებასაც ივანიშვილს მიაწერენ.

"დღეს ქარი რომ ამოვარდეს, ამის მიზეზიც ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ნარატივი გასაგებია. ამაზე პასუხის გაცემას მე არ ვაპირებ," - აღნიშნა რომან კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×