საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა.
„ყველას გილოცავთ! საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და „BB“ სტაბილურამდე გაიზარდა. 2011 წლის შემდეგ დღეს, პირველად, ჩვენი მაჩვენებელი გაზრდილია ამ მიმართულებით და, მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა.
ასეთი გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ „BB მინუსიდან“ „BB“ სტაბილურამდე სარეიტინგო მაჩვენებლის ზრდა ცალსახად არის იმის დადასტურება, რომ ჩვენ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ. რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვაზე - სიღარიბის დაძლევაზე.
სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესება ცალსახად ნიშნავს, რომ გაიზრდება უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და სრულად დაფინანსდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად.
შარშან წლის მეორე ნახევარში მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და გავხდით უფრო მედეგი გარე შოკების მიმართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.