(რეზონანსი) გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50 წლის მამაკაცი მოკლეს. კაცს საკუთარი სახლის ეზოში ესროლეს. სავარაუდოდ, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც მოკლულ აკაკი მოქიას თანასოფლელთა სუფრაზე მოუვიდა.
ერთ-ერთი ვერსიით პირს, რომელიც საქმეში ფიგურირებს გარდაცვლილ მამაკაცთან კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდა.
"დაულევიათ და მერე შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარა ამფერი ამბავი. ორი გასროლა მოუხდენია და...საფრთხე არ ემუქრება ოპერაციის შემდეგო ტუღუშს და მოქიაზა რომ უსრია, ის მოკვდა."
"მოქია ეზოში ნახეს მკვდარი. კიბესთან ნახენ წაქცეული. მერე მისი ძმისშვილი გამოსულა და შეუყვანია სახლში"
"სვამდნენ, ჰოდა მერე მოხდა მაი საქმეო. რა კონფლიქტი ქონდენ ერთმანეთში, მაი მე ნამდვილად არ ვიცი", - ყვებიან მეზობლები.
გარდაცვლილთან ერთად დაჭრილია კიდევ ერთი პირი - გია ტუღუში. მეზობლები ჰყვებიან, რომ გასროლის ხმა სწორედ ტუღუშების სახლიდან გაიგეს და კონფლიქტიც იქედან დაიწყო.
ახალსოფლელების თქმით, დამნაშავემ გია ტუღუში პირველად მის საცხოვრებელ სახლში მძინარე დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
დაჭრილის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს ლანჩხუთის ‘ავერსის" კლინიკის ექიმი: "ცეცხლნასროლი ჭრილობებით შემოიყვანეს პაციენტი. მას აღენიშნებოდა ჭრილობები კისრისა და მარცხენა დუნდულოს არეში. ეს სავარაუდოდ მიყენებულია საფანტით. შემოსვლისას მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახალსოფლელების ინფორმაციით, მკვლელიც მათი თანასოფლელია. თუმცა სახლი გაყიდა და ბოლო ხუთი წელია სოფელში არარ ცხოვრობს. შემთხვევის დღეს კი, სტუმრად იყო ჩამოსული. მ. სპოლიციამ სავარაუდოდ ტყესტან ახლოს დააკავა.
"ტყისკენ გეიქცაო, მერე მოშიებია და მეზობლისას მოსულა, მაჭამეთ რამეო და იმ მომენტში დეიჭირესო". ბრალდებულის დაკავებაზე შსს-მ განცხადება დღეს საღამოს გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
გურიის მოამბე