რეზონანსი
21.02.2019

 (რეზონანსი) გთხოვთ, ჩემს გარეშე გააგრძელოთ მუშაობა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, რომლებიც ითხოვენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვას კობახიძეც დაესწროს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში იმართება შეხვედრა რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და დაიგეგმა დღეს, რადგან სხვა საშუალება არ იყო ამ შეხვედრის გამართვის. აქედან გამომდინარე მიწევს ამ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა ჩემს დასწრებასთან დაკავშირებით. ჩემი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურის და კრიტერიუმების განხილვა, ამიტომ გთხოვთ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების ნაწილი აპროტესტებს, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტში მიმდინარე განხილვის დროს მოსამართლეებს ხვდებოდეს, ამიტომ ითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარე სხდომას დაესწროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×