თბილისის მერიის ინფორმაციით, სადისტრიბუციო მანქანებისთვის მუშაობის საათებით გაწერილი სქემა ზაფხულის შემდეგ გახდება ცნობილი, რაზეც კერძო სექტორთან მუშაობა პრაქტიკულად, დასრულებულია.
ვიცე-მერის მაია ბითაძის თქმით მერიამ მოსალოდნელი შეზღუდვების ტექნიკური ნაწილი შემოსავლების სამსახურთან უკვე შეათანხმა.
"ტექნიკური ნაწილი შემოსავლების სამსახურთან მთლიანად გავლილია. ამის ამოქმედება შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს, რადგან გარდა სადისტრიბუციო მანქანებისა, ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილების გრაფიკსაც შევთავაზებთ. ეს არ უნდა იყოს სპონტანური გადაწყვეტილება. ამიტომ მეტი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის მერე მზად ვიქნებით, რომ სქემა ავამუშაოთ", – განაცხადა მერის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თბილისის მთავრობა სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მუშაობის ინიციატივით გამოვიდა, რაც დღის განმავლობაში დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის ერთ–ერთ გზად განიხილება. თავდაპირველად, ამ მხრივ შეზღუდვების დაწესება 2018 წლის ზაფხულში იგეგმებოდა.