რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმად ჩაითვლება. კანონში შესაბამისი ცვლილება საქართველოს პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონში შევიწროება განმარტებულია როგორც პირის დევნა, იძულება ან მის მიმართ სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

ამასთან, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას, ასევე დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად.

კანონი ვრცელდება როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათ შორის შერჩევის კრიტერიუმებზე, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობაზე, კვალიფიკაციის ამაღლების ხელმისაწვდომობაზე, შრომის ანაზღაურების პირობებზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე და ა.შ.

საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ მომზადებული კანონპროექტთა პაკეტიც, რომლითაც სექსუალური შევიწროება ისჯება საჯარო და კერძო სივრცეში და ფულად სანქციებს ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×