"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ კუპრავა თავად ავრცელებს ინფორმაციას: "ბრალი დაუსწრებლად წამიყენეს, გამომძებელმა დამირეკა, ხვალ, 12:00 საათამდე, თუ არ გამოცხადდები, იძულებული ვიქნებით დაგაკავოთო".
მისი განმარტებით, სხვა საქმეზე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლა უნდათ. კუპრავას თქმით, გამომძიებელთან მისვლას არ აპირებს.
„ახალი რაღაც აქვთ გამოჩხრეკილი, დაკითხულიც კი არ ვარ. გამომძიებელმა მითხრა, ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და ბრალი წარგედგინათო. მისი განცხადება არ წამიკითხავს და არ ვიცი.
სხვა საქმეზე გირაოს სანაცვლოდ ვარ გათავისუფლებული. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უნდათ ახლა, სასამართლოს მიმართავენ და ეტყვიან გირაო პატიმრობით შეგვიცვალეო. არსად მისვლას არ ვაპირებ, ეს არის მთლიანად პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკურ მაგიდასთან ირკვევა. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ვარ, აქ მოვიდნენ და აქ წარმიდგინონ ბრალი“, - აცხადებს "აიპიენთან" კუპრავა.