(რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების სამსახურში, ძლიერი ქარის გამო, სამ დღეში, 261 შეტყობინება შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 200 შეტყობინება თბილისზე მოდის.
"ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.
ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომანქანა, ბუნებრივი აირის 8 მილი, მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და 4 სარეკლამო ბილბორდი.
"ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.