(რეზონანსი) 16 წლის ბიჭი და გოგონა, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შეყვარებულები არიან. 16 წლის გოგონას შეყვარებულმა, სამხედრო ჰოსპიტალთან ვენები მას შემდეგ გადაიჭრა, რაც გოგონას მიერ სუიციდის მცდელობის შესახებ შეიტყო.
შემთხვევა გუშინ გორის, სამხედრო ჰოსპიტალთან მოხდა, სადაც გოგონა მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ბიჭს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"გოგონას მდგომარეობა უმძიმესია. უგონო მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, გული ჰქონდა გაჩერებული და ექიმების ჩარევის შედეგად, დღეს, გოგონა მწვავე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მოგვიანებით, 22:00 საათისკენ შემოიყვანეს დაახლოებით, 16 წლის ბიჭი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - განუცხადეს "პრაიმტაიმს" სამედიცინო დაწესებულებაში.
ადგილობრივების გადმოცემით, გოგომ თვითმკვლელობა ოჯახში არსებული უთანხმოების გამო სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თვითმკვლელობის მცდელობის ორივე ფაქტი დაგვიდასტურეს და განმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.