რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი) სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, როგორც „ინტერპრესნიუსს" მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით განათლების სამინისტროდან არ მიუღიათ დავალება, რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო პირველ ეტაპზე, ან როდის უნდა დაიწყოს მასავლებელთა გადამზადების კურსი.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×