(რეზონანსი) "პირველი რადიოს" ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ, TBC ბანკის მიერ ე.წ. გათეთრების საქმეზე განცხადების გაკეთებამდე, დაახლოებით 2 თვის მანძილზე მამუკა ხაზარაძესთან ბანკის და ანაკლიის პროექტის დათმობის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკებებს ვანო ჩხარტიშვილი აწარმოებდა.
არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ხაზარაძე შეთავაზებას არ დათანხმდებოდა, მას და ბადრი ჯაფარიძეს დაპატიმრებით დაემუქრნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ხაზარაძე შემოთავაზებას არ დათანხმდა, თუმცა მოლაპარაკების და გარიგების პროცესში ჩაერთო, საბოლოო ჯამში კი ჩხარტიშვილმა მაინც უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა პროკურატურამ ცნობილი განცხადება.
ჩვენი ინფორმაცით, ეროვნული ბანკის ბოლო განცხადება, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭო უნდა დატოვონ, სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა და შესაძლოა უახლოეს მომავალში, მას შემდეგ რაც სასამართლო ხაზარაძის სარჩელს განიხილავს, პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით ხაზარაძე- ჯაფარიძის დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია არაოფიციალურია და განცხადება ამ თემაზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
"პირველი რადიო"