(რეზონანსი) ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა - ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული მოსახლეობას დამატებით ფინანსურ წნეხად დააწვება. ოპოზიციის წარმოამდგენლები ხელისუფლების ახალ ინიციატივაში ფინანსურ რისკებს ხედავენ.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს:
„ხელისუფლება საერთოდ არ ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, მის შეჭირვებას და იმას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შემოსავალი საერთოდ არ აქვს და აი, ამის ფონზე სავალდებულოს ხდის მთელ რიგ საკითხებს. დაახლოებით, მარტო აი, ამ ინიციატივით, 100 მილიონი ლარის ყოველწლიურად მოსახლეობის ჯიბიდან ამოღება მოხდება," - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, დაზღვევა ერთგვარი მატერიალური გარანტია იქნება, როგორც მძღოლისთვის, ისე დაზარალებულისთვის:
„ეს იქნება დიფერენცირებული, დამოკიდებული ტრანსპორტის კატეგორიაზე და დამოკიდებული მის ფუნქციურ დატვირთვაზე, დამოკიდებული მგზავრთა რაოდენობაზე და ვფიქრობ, ეს გადასახადი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, ვიდრე ის რისკი, როცა დაზარალებული დგება ზოგჯერ ფინანსურად მისთვის დაუძლეველი რისკების წინაშე,"- განმარტავს „ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე.