(რეზონანსი) გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელთან შედარებით დეკანოზს უფრო უჭირს მეტყველება და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.
მია ზოიძის განცხადებით, ამ მდგომარეობაში დეკანოზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ მას ინსულტი გაუმეორდეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად ვერ გაეწიოს.
„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესებულია, მას უფრო უჭირს მეტყველება, ასევე, ის დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ გადაადგილდება. ამ მდგომარეობაში ბუნებრივია, დაუშვებელია დაწესებულებაში გადაყვანა. ამავდროულად არსებობს ინსულტის განმეორების რისკი და თუ დეკანოზი მატროსოვის ციხეში იქნება გადაყვანილი, შესაძლოა, მას ვერ ჩაუტარდეს შესაბამისი დროული დახმარება და მივიღოთ უფრო მძიმე შედეგი", - აღნიშნა მია ზოიძემ.