თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სპეციალურ ბრიფინგს მართავს.
"მინდა გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, თბილისის სწორად განვითარებისთვის. აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა.
ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას.
მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით ჩვენს საქმიანობას და K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები.
ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გაანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი" - განაცხადა პირდაპირი ეთერით კალაძემ.