ყოფილი პატიმრის თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი ჰყვება, რატომ დაესხა თავს მისი შვილი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს. შორენა ქალდანი ამბობს, რომ დაპირისპირების ინიციატორი თავად ლადო ბედუკაძე იყო.
დედის ინფორმაციით, გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე აწამებდა. მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ნაზღაიძე ბრალს არ აღიარებდა, ბედუკაძის მხრიდან კი არაადამიანური მოპყრობის მიზეზი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო.
თენგიზ ნაზღაიძემ გლდანის ციხე 2015 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ლადო ბედუკაძის დასჯას ითხოვს, მათ საჩივარი მთავარ პროკურატურაშიც შეიტანეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
„დღეს წავიდა ეკლესიაში, ეკლესიიდან რომ გამოვიდა, გარეთ იყო ლადო ბედუკაძე, რომელმაც ციხეში სიკვდილამდე მიიყვანა. ერთმანეთს რომ შეეფეთნენ, იმან იქედნურად ჩაიცინა. იმან რომ ჩაიცინა, ჩემი ბიჭი გაგიჟდა, მიცანიო? რატომ მაწამებდი და მკლავდი, რა დაგიშავეო? ის აქეთ გადავიდა გონორზე“, - განაცხადა შორენა ქალდანმა.