
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გიგა ზედანიას თანამდებობის დატოვებისთვის ვადას უწესებს. სტუდენტები განმარტავენ, რომ თუ რექტორი ხვალ 22:00 საათამდე არ გადადგება, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.
სტუდენტები ამბობენ, რომ ილიაუნში მმართველობა ცენტრალიზებულია და სტუდენტები გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულნი არ არიან.
“ჩვენ რექტორს ვაძლევთ ხვალ საღამოს 10-მდე დროს, რომ გადადგეს და დაითხოვოს აკადემური საბჭო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიწყებთ აქტიურ შიმშილობას”, – ამბობენ სტუდენტები.
რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ სტუდენტთა ეს განცხადება არაგულწრფელია.
“ეს არის ნამდვილად მიუღებელი და სიმართლე გითხრათ, მე ამ სტუდენტების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. ვინაიდან, ისინი ამბობენ, რომ – დიახ, ჩვენ გვაქვს კარგი უნივერსიტეტი, მაგრამ გვინდა პროგრესი. ოღონდ თქვენ არ დაგელაპარაკებით, ულტიმატუმი უნდა შეასრულოთ, წარმომადგენლობით ორგანოს არ ვენდობით", – ამბობს ტელეკომპანია “იმედთან” ნინო დობორჯგინიძე.