ტრაგედია დატრიალდა რუსთავში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. როგორ მოგვიანებით გაირკვა, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის, თუმცა ოჯახის ახლობლების თქმით, ეს ტყუილია და მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის. მათივე თქმით, გარდაცვლილი ბიჭუნა ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და ბიძას ბავშვი უზომოდ უყვარდა.
"ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია
სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო", - აცხადებენ ოჯახის ახლობლები.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც ძმის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ შემოიყვანეს. მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე.
მისი თქმით, პაციენტი ვ.ი. კლინიკაში გუშინ თანმხლებმა პირებმა დაახლოებით 21:45 საათზე, მიიყვანეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მარიხუანას ზემოქმედების დროს ის აგრესიული და არაადეკვატური ქმედებებით გამოირჩეოდა, თუმცა, კლინიკაში მიყვანის დროს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი, უარყოფს ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთავაზება არ გაკერთბულა, ვინაიდან მამაკაცმა კლინიკაში დარჩენა არ ისურვა.