(რეზონანსი) თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თებერვალს მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა.
შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
მათივე ცნობით, მსჯავრდებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.