რეზონანსი
09.02.2019

 როსტომ მეფის სასახლის დერეფანში მდგარ პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ ხელი ჩაჰკიდეს, ეკა ბესელიასთან მიიყვანეს და მასთან ჩახუტებას სთხოვდნენ.

ინფორმირებული პირი, ვინც ეს სცენა დაინახა, ყვება, რომ ივანიშვილის და კალაძის გეგმა ბესელიამ ჩაშალა, რომელმაც ხელის ერთი აწევით მისკენ მიმავალი პარლამენტის თავმჯდომარე შეაჩერა. დერეფანში ჩახუტება არ შედგა. ბესელიამ ივანიშვილის და კალაძის თანდასწრებით კობახიძეს მოსთხოვა, მასთან ერთად სხდომათა დარბაზში შესულიყო, სადაც პარტიის წევრები ისხდნენ და საჯარო ბოდიში მოეხადა.

კობახიძემ ბესელიას ბოდიში უმრავლესობის წევრების თვალწინ მოუხადა, თუმცა, დიდი პოლიტიკური შერიგება მაინც არ შედგა. 

დარბაზში ივანიშვილის თანდასწრებით ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ, კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, დეტალები "კურიერს" უამბო.

ირკვევა, რომ საქმის გარჩევის დროს ბესელიამ ხელი ზარდიაშვილისკენ გაიშვირა და ივანიშვილს უთხრა, რომ ზარდიაშვილი მისი თანაგუნდელი ვერასოდეს გახდებოდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ ეკა ბესელიას მწვავე კამათი ჰქონდა კახი კალაძესთანაც, რომელმაც გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლა ურჩია და კარისკენ მიუთითა. ამ კამათში ჩაერთო ლევან გოგიჩაიშვილი. 

პირადად ბიძინა ივანიშვილთან ასეთ ღია დაპირისპირებას გუნდის წევრები აქამდე ვერასდროს ბედავდნენ.

ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უსაყვედურა ოთარ დანელიას, რომელმაც კახი კალაძეს ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება და თანაგუნდელებისთვის კარისკენ მითითება დაუწუნა.

დაპირისპირებას უმრავლესობის შეკრებაზე თითქმის მდუმარედ ადევნებდა თვალყურს კახი კალაძე. ვითარების გამწვავებას მოერიდა კობახიძე-მდინარაძის დაჯგუფება.

რამდენიმერაუნდიანი დაძაბული მოლაპარაკებების დროს ივანიშვილი მისივე პარტიის წევრებს ხშირად უმეორებდა, საჯაროდ ერთმანეთის ლანძღვა დაესრულებინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×