რეზონანსი
08.02.2019

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სახალხო მკურნალის ლ.ნ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ლ.ნ-ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

ბრალდებული, რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, მუშაობდა რა ქალიშვილის კუთვნილ კლინიკაში, ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტის მშობლებს დაპირდა, რომ სამი თვის განმავლობაში პაციენტს ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს და გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისთვის კი პაციენტის მშობლებს უნდა გადაეხადათ 420 ლარი.

"2010 წლის 10 ნოემბერს, ნ.ა. დააწვინეს ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც იმ პერიოდისთვის სტაციონალური დაწესებულების ნებართვა არ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ვერ განკურნავდა ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს, მშობლებს მკურნალობისთვის გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით 2010 წლის 10 ნოემბრიდან – 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, გადაახდევინა 27 800 ლარი.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ 81 წლის ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ბრალდებულს სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×