(რეზონსნი) საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მობილური ჰოსპიტალები განთავსდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
მათი ცნობით, მობილური ჰოსპიტალების დამონტაჟება დაკავშირებულია საქართველოში არსებული "არადამაკმაყოფილებელ ეპიდემიოლოგიურ" მდგომარეობასთან. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის სასაზღვრო კომიტეტი შესაბამის სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გაატარებს.
როგორც Trend.az-ს კომიტეტში განუცხადეს, აზერბაიჯანში მოხდება დეზინფექცია იმ საშუალებებისა და პროდუქციის, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს.
ამასთან, "გრიპის ეპიდემიისგან თავის დასაცავად" სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავეებს, რომლებსაც მუდმივი კონტაქტი აქვთ საზღვრის გადამკვეთ პირებთან, ჩაუტარდებათ ტრენინგები პირად ჰიგიენასთან დაკავშირებით და აიცრებიან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.
მობილური ჰოსპიტალი 2 ლოკაციაზე წითელ ხიდთან უკვე ფუნქციონირებს. აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ექიმები ასევე გაუწევენ სამედიცინო დამხარებას პირებს, რომლებსაც ადგილზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექნებათ.
წყარო: bm.ge