(რეზონანსი) შესთავაზა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლა-დარჩენის საკითხზე რამდენიმე წინადადება? - ამ კითხვის პასუხად, ეკა ბესელია ამბობს, რომ არავითარი პრესონალური ულტიმატუმი არ ყოფილა და შეთავაზება იყო ყველასთვის.
"არავითარი ულტიმატუმი არ იყო პერსონალურად არავის მიმართ. იყო საუბარი საერთო წესებზე, საერთო ხედვაზე. ძალიან ბუნებრივია და შეუძლებელია არ დაეთანხმო, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მისი სურვილია გუნდის შიგნით იდებატონ პარტიის წევრებმა და არა გარეთ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური სურვილი და სწორი პოზიციაა, სხვაგვარად გაგვიკვირდებოდა კიდეც.
ყველასთვის იყო შეთავაზება, რომ დავასრულოთ საჯარო სივრცეში დებატები. ამას ვეთანხმები, მაგრამ ეს არის თუ არა შესაძლებელი ამ მოცემულ ეტაპზე, როდესაც სასამართლოს თემა გასცდა პარტიულ შიდა დისკუსიას და ღია საჯარო სივრცეში ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის მაღალი ინტერესის მატარებელია, ეს ახლა შესაძლებელია თუ არა, ამას უნდა შევხედოთ. ვფიქრობთ, ჩვენც ამაზე", - განაცხადა ბესელიამ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი "ქართული ოცნებიდან" გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ.