რეზონანსი
08.02.2019

 პოლონეთის პოლიცია ვარშავაში საავადმყოფოსთან მიტოვებული და შემდეგ გარდაცვლილი ქართველის შესახებ ზუსტი დეტალები გახდა ცნობილი. ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ საავადმყოფოსთან მსუბუქი ავტომობილი შეჩერდა, რომლიდანაც უცნობმა პირებმა მამაკაცი, სავარაუდოდ, კრიტიკულ სასიცოცხლო ზღვარზე მყოფი, გადმოათრიეს, ქუჩაში მიატოვეს და მათთან ერთად მყოფ კიდევ ერთ მანქანასთან ერთად, სწრაფად, საბურავების წივილით მოწყდნენ ადგილს.

პოლიცია აცხადებს, რომ ალფა რომეოს და ოპელის ტიპის ავტომობილები, რომლებითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ, არ არიან რეგისტრირებულები მაზოვეცკის სავოევოდოში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელშიც, მათ შორის, ვარშავაც შედის.

სავადმყოფოსთან დაგდებულ მამაკაცს უკანა მხრიდან, მარჯვენა ბეჭის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა ემჩნეოდა. საავადმყოფოდან გამოსულმა ექიმმა დააფიქსირა, რომ მამაკაცი ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, ის საავადმყოფოსთან მიყვანამდე გარდაიცვალა, თუ მიყვანის შემდეგ.

პოლიციამ ტანსაცმელის ჯიბეების შემოწმების შემდეგ განაცხადა, რომ საბუთების მიხედვით მოკლული საქართველოს მოქალაქე, 45 წლის გიზო ბოჭორიშვილია. პოლიციის ვარაუდით დამნაშავეები მისი თანამემამულეები არიან.

მოკლულის ოჯახის წევრები, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ კაცი მეგობართან ერთად, უკრაინიდან პოლონეთში, რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×