(რეზონანსი) სასჯელაღსრულების გლდანის N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი აცხადებს, რომ ადვოკატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.
საუბარია ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე, რომელიც ე.წ. სახაზინო წესით ბრალდებულ ი.თ-ს ინტერესებს იცავდა, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, ხოლო მსჯავრდებულმა ი.თ-მ არასათანადო დაცვის გამო გიორგი მდინარაძის მომსახურეობაზე უარი განაცხადა და ახალი ადვოკატი აიყვანა.
გიორგი მდინარაძე 10 იანვარს ი.თ-ს ციხეში შეხვდა, მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი კი მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მსჯავრდებულის გადმოცემით, ადვოკატმა მას ჯერ ჩანთა ჩაარტყა თავში, შემდეგ კი სხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებებს უარყოფს ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც განმარტავს, რომ პირიქით, მსჯავრდებულის მხრიდან თავდასხმის სამიზნე თავად გახდა, რის გამოც იძულებული იყო მის ხელთ არსებული ქაღალდები პატიმრის მიმართულებით მოექნია.
„ეს პატიმარი განაწყენებული იყო და მე მაბრალებდა გამამტყუნებელ განაჩენს. მანამდე მიჩიოდა ეთიკის კომისიაშიც, სადაც დადასტურდა მისი ტყუილები. გადაკიდებულია რა. იმ დღეს ციხეში შემთხვევით შემხვდა, ისევ ამაზე ჩამოაგდო საუბარი და ვუთხარი - ეს ხომ უკვე გავარკვიეთთქო. დაიწყო შეურაცხყოფა, გინება და ჩემი მიმართულებით გამოიწია. მიქნევდა ხელებს და ფეხებს. პროვოკატორია. ამბობს, რომ რაღაც ჩამარტყაო, რაც სისულელა. რაღაც ფურცლები იყო და იმ მომენტში მოვუქნიე", - განუცხადა „პრაიმტაიმს" ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ციხეში მომხდარი ინციდენტი იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ამ ჩანაწერის შესწავლის შემდეგ გამოძიებას ექნება სრული სურათი თუ ვინ განახორციელა ძალადობა.
ფაქტს ჰყავს რამდენიმე თვითმხილველიც. ერთ-ერთი მათგანი, ადვოკატი გიორგი ბერიძე „პრაიმტაიმთან" საუბრისას დაპირისპიების ფაქტს ადასტურებს, თუმცა მომხდარის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.