(რეზონანსი) სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრების სოციალური მუშაკების აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებს. შესაბამისი მოთხოვნით განცხადებები უკვე დაწერილია. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, ჯამში, 9 სოციალურმა მუშაკმა მიიღო.
სოციალურ მუშაკების საინიციატივო ჯგუფი წერს, რომ ბოლო პერიოდში 4 სოციალური მუშაკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით ვერ/არ ჩანაცვლებამ, ბოლო თვის მანძილზე გაორმაგებულმა მომართვიანობამ სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია.
"დამსაქმებელს არ მიუღია რაიმე ეფექტური ზომა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მის მყისიერად მოსაგვარებლად. შესაბამისად გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაწერა პირადი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე", - ნათქვამია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, სისტემა უდიდეს კრიზისშია, რომელსაც დღემდე არ აღიარებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
On.ge