რეზონანსი
07.02.2019

 კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრიდან შეყვანილ პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნება.

"პაციენტი შემოყვანილია 14:10 საათზე, ჩავიბარე დღის ექიმისგან. იყო გულყრის შემდგომი პერიოდი. დაზიანება გამოირიცხა, მაგრამ ენის ბარიერის გამო ვაჩვენე დედას, დედამ კი განგვიცხადა, რომ პაციენტს მიღებული ჰქონდა თავის ტრავმა. დავიწყეთ კვლევები. ამ ეტაპისთვის პაციენტს მწვავე დაზიანებები არ აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტური და ადეკვატურია, ორიენტირებულია დროსა და სივრცეში. როგორც თავად ამბობს, თავში აქვს ტრავმა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა. კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პათოლოგიური დაზიანება გამოირიცხა. როგორც თვითონ აღნიშნავს, პერიოდულად, როცა ნერვიულობს ემართება ასეთი გულყრა. არანაირი დაზიანება, სისხლჩაქცევა არ ვლინდება. პაციენტი კატასტროფის ბრიგადით გააგრძელებს მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი მიმღები განყოფილების მორიგე ექიმმა თამარ იაკობიძემ.

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ახალწვეული კი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალწვეულებს შორის ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანა ახალწვეულის ემოციურ ფონზე გახდა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×