(რეზონანსი) თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.
ყველასთვის ცნობილ წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, მარიამი ჰყავთ. ის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეა, თუმცა გურანდა გაბუნიამ მასზე წლების წინ ჟურნალ "რეიტინგში", ანა კალანდაძესთან ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, შვილს რამდენიმე წელი არ აჩენდა, რადგან მსახიობი ცოლ-ქმრისთვის ხელოვნება იყო მთავარი.
"არასოდეს დამავიწყდება ოთარის რეაქცია, როცა ბავშვი სამშობიაროდან სახლში მოვიყვანეთ. როცა გავშალე და მან პატარა ფეხუნები დაინახა, თქვა, ეს შეუძლებელია, ჩემი თითები აქვს, როგორ გადაუვიდა ჩემგანო. მერე ხელებზე დახედა, აქაც რომ დაინახა მსგავსება, ამაზე ხომ სულ მთლად გადაირია - სიხარულისგან კინაღამ შეიშალა. მარიამი პატარა რომ იყო, ოთარს მთათუშეთში ფილმში იღებდნენ. შვილი ისე მოენატრა, რომ მთიდან ფეხით წამოვიდა. ბათინკები ეცვა, "პაკრიშკებს" რომ ეძახდნენ. სახლში რომ მოვიდა, ფეხები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მახსოვს ისიც, როცა ოთარს სოჭში "დიდოსტატის მარჯვენაში" იღებდნენ, იქ ოცი დღე დარჩა. ოთარი ძალიან კარგად აძინებდა ბავშვს და მთელი ის ოცი დღე, როცა ჩვენ თბილისში დავრჩით, მარიამი სულ ტიროდა. ხან ლია მიქაძე მოვიდოდა, ხან ჩემი მეზობლები: ნაზიკო და მარიკა შემოდიოდნენ, ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას, მაგრამ მარიამი მაინც გაუჩერებლად ტიროდა. ოთარი ჩამოვიდა თუ არა და ბავშვი ხელში აიყვანა, მაშინვე გაჩერდა და მშვიდად დაიძინა", - აღნიშნა გურანდა გაბუნიამ წლების წინ ჟურნალ "რეიტინგთან" საუბარში.