რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) ტურისტი პერუდან ვალენტინო დევასკო, რომელიც დაახლოებთ ერთი თვეა საქართველოში იმყოფება ამბობს, რომ ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც ის გესტჰაუსში ცხოვრობს, ღამის საათებში, მოტოციკლი დაუმტვრიეს. დევასკო, რომელიც სწორედ მოტოციკლით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო ამბობს, რომ მოტოციკლი საერთო პარკინგზე ჰქონდა გაჩერებული და ის მეზობელ კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა დაამტვრია. მისივე თქმით, როდესაც ვითარების გასარკვევად დაბლა ჩავიდა, იმავე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. დევასკო ამბობს, რომ პოლიცია აღნიშნულ საქმეს უკვე ერთი კვირაა იძიებს, თუმცა უშედეგოდ:

„ჩემი მოტოციკლი უკვე დამტვრეული იყო, ის კი ისევ ეზოში იდგა. როცა ჩავედი და ამბავი მოვიკითხე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა და მითხრა, რომ „ჩემი ავტოფარეხის წინ რატომ გააჩერე, მანქანა ვერ შევიყვანე - უცხოელს არ გქონდა ამის უფლებაო". ჩემი მოტოციკლი ფარეხიდან 7 მეტრის მოშორებით იყო გაჩერებული. მთვრალი იყო და აღარ შევეპასუხე. ვიფიქრე, დილით მომიბოდიშებს და მოტოციკლის შეკეთების თანხასაც გადამიხდის-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. მიყვირა, ყოფილი პოლიციელი ვარ და ვერაფერს დამაკლებო. პოლიციას დავუკავშირდი და მოვიდნენ. მოტოციკლზე კი მითხრეს, რომ მის აღდგენას დაახლოებით 700 ამერიკული დოლარი დასჭირდება," - ამბობს ვალენტინო დევასკო და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რადგან ამის გარეშე გზის გაგრძელებას და სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებს. დევასკოს თქმით, პოლიციიდან უკვე ერთი კვირა ერთსა და იმავე პასუხს ისმენს - „მიმდინარეობს გამოძიება".

„ასევე მითხრეს, რომ იმ ადგილას ვიდეოსათვალთვალო კამერა არ არის და ვერ დგინდება, რა როგორ მოხდაო..." - დასძინა ტურისტმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. არის თუ არა დაკავებული ვინმე - ამ კითხვაზე შსს-ში არ პასუხობენ.

 

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×