გადაწყვეტილება მიღებულია. მოსამართლეთა მიერ წარდგენილ 10-კაციან სიას კენჭი არ ეყრება. მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ჯერ პროცედურები და კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "For.ge" ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობი წევრი, ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის ახალგაზრდული ფრთა - კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის ფრთა, რომლებიც მოსამართლეთა 10-კაციან სიას ლობირებდნენ, ამ ბრძოლაში დამარცხდნენ.
ეკა ბესელიას განცხადებით, დაიწყება იმ პროცედურებზე მუშაობა, რომლითაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები ვადით გამწესდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მოსამართლეების უვადოდ განმწესების საკითხი უმრავლესობის სხდომაზე დაისვა. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით.
„ეს საკითხი დაისვა სხდომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შედგება მსჯელობა და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ზოგადად, გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. შევთანხმდით, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი. მათში შესაძლოა ის 10 კანდიდატიც შედიოდეს, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. ასევე სხვა კანდიდატები. პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია და გამჭვირვალე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მომავალ კვირაში პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება. უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან, დღეს შექმნილ ვითარებას ცუდად იყენებენ.
წყარო: "For.ge".