(რეზონანსი) აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი ენგურის ხიდი დღეს გაიხსნა. თითქმის 1 თვეა, რაც ოკუპირებულ საზღვართან ხიდი ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო დაიკეტა და ადგილობრივებს მიმოსვლა აღარ შეეძლოთ.
ამ ხნის განმავლობაში გალი, ფაქტობრივად, ეკონომიკური ბლოკადის ზღვარზე იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვარზე დიდი რიგებია და ხალხი ზუგდიდის მიმართულებით, ვისაც საბუთები წესრიგში აქვს, უპრობლემოდ გადაადგილდება.
როგორც გალის ქვედა ზონის სოფლის, ფიჩორის მცხოვრებმა ვანო გვასალიამ გვითხრა, მოსახლეობა საზღვარზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებადაც ვერ გადადიოდა და უმძიმესი ვითარება იყო.
,,ბოლო 1 თვის განმავლობაში აფხაზური ადმინისტრაციისგან ვითხოვდით ხიდის აღდგენას და ეს მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. უმძიმესი 1 თვე გამოვიარეთ, ვერ შემოგვქონდა საკვები პროდუქტი, და ლამის შიმშილობის ზღვარზე აღმოვჩნდით. მართალია, სურსათის შეძენა ადგილზეც შესაძლებელია, მაგრამ სიძვირის გამო თითქმის ვერაფერს ვყიდულობდით. თანაც, ჭირნახული ხომ უნდა გაგვეყიდა! კიდევ უფრო მძიმე იყო ვითარება ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით, რადგან გადაუდებელი სამედიცინო სერვისის მისაღებადაც არავინ გვიშვებდა ზუგდიდში, ხოლო ადგილზე ეს მომსახურება არაკვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო ისედაც სარისკოა. ახლა საზღვარზე რიგებია, ხალხი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ზუგდიდში გადასვლას და ეს პროცესი ახლაც შეუფერხებლად გრზელდება, მთავარია, საბუტები გვქონდეს წესრიგში", - ამბობს ვანო გვასალია.
რაც შეეხება საბუთებს, ე.წ. აფხაზური პასპორტის გარდა, ეს არის ე.წ. ბინადრობის მოწმობა და აფხაზური ადმინისტრაციის მიერ გაცემული „ფორმა 9", რომელიც მიმოსვლისთვის სავალდებულოა.
რაც შეეხება საბუთის არმქონე პირებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა მათ მხოლოდ ე.წ. "სტუმრის სტატუსის" მიღების საფუძველზე შეუძლიათ.