პატრიარქის რეზიდენციასთან პირველად კარვები პროტესტის მიზნით გაშალეს. მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვს. სანაპიროზე უწმინდესის ფანჯრებთან მღვდლის ძმა და შვილები მანამდე დარჩებიან, ვიდრე პატიმარ სასულიერო პირს ციხეში არ აზიარებენ.
ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ პატიმარი მღვდლის ზიარების საკითხი საპატრიარქოში არ წყდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბოდბელმა ეპისკოპოსმა ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრისთან გადაამისამართა.
მეუფეო იაკობი მზად არის მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს სათავეში ჩაუდგეს და მხარი დაუჭიროს, თუ სასულიერო პირების ვიწრო წრეში, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების ყველა დეტალს მოჰყვება.
„კურიერის“ ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, მამა გიორგი მამალაძეს ციხის საკანში შეხვდა მოსაყდრე შიო. ეს ინფორმაცია დღეს მამალაძის ოჯახმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა რა თქვეს და რაზე ესაუბრა პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირი პატიმარ მღვდელს საიდუმლოდ რჩება.