(რეზონანსი) 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ხვალ რუსთაველის #8-ში განთავსებულ პარლამენტის შენობაში გაჟღერებული ჰიმნით, პარლამენტის სხდომები დედაქალაქში განახლდება.
მას შემდეგ, რაც მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანეს და პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქი ქუთაისი მითითებული აღარ არის, პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდა. განახლებული და შეცვლილი სხდომათა დარბაზი ხვალ გაიხსნება.
რუსთაველის გამზირზე მდებარე ამ შენობას ბევრი რამ ახსოვს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენები, სწორედ პარლამენტის შენობის წინ იწყებოდა. პარლამენტის შენობის წინ არაერთხელ დაღვრილა სისხლი. ამ ამბავს ბევრი 1930 წელს უკავშირებს, როდესაც ამ ადგილას არსებული ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. გადმოცემის მიხედვით, 1921 წელს ტაძრის ეზოში საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები, ე. წ. იუნკერები დაკრძალეს, რომლებიც წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
როცა საბჭოთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისის მთავრობის სასახლის აგება გადაწყდა, მის ადგილმდებარეობად ქალაქის მთავარი მაგისტრალი, ნეველის ტაძრის შენობის ადგილი შეირჩა და 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო.
მართლმადიდებლური ქრისტიანული საკათედრო ტაძარი კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა.
ასტროლოგებსა და პარაფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იმ ადგილას, სადაც ადამიანები არიან დაკრძალული, ან ადრე სასაფლაოები იყო, არ შეიძლება საცხოვრებელი სახლების, კორპუსების ან სხვა ტიპის დაწესებულების აგება, რადგან ეს ადგილი დაწყევლილად ითვლება. თუმცა საბჭოთა ხელისუფლება ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა და არც სჯეროდა.
1932 წლის დადგენილებით, შეიქმნა მშენებლობის კომიტეტი და მთავრობის სასახლის პროქტზე კონკურსი გამოცხადდა. პროექტები სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების არქიტექტრებმა წარადგინეს და საბოლოოდ, მოსკოვური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორები წარმოადგენდნენ, გაიმარჯვა ვიქტორ კოკორინისა და გიორგი ლეჟავას პროექტმა.
დღეს მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა პერიოდის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე - რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებია გამოყენებული, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორსა და მოსაპირკეთებელ მასალაში. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.
1991 წელს თბილისის ომის დროს, დაინგრა და დაიწვა თბილისის ცენტრში მდებარე რამდენიმე სახლი და შენობა. მაშინ მნიშვნელოვნად დაზიანდა პარლამენტის შენობა, სადაც გამაგრებული იყო პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საკუთარ მომხრეებთან ერთად. ოპოზიცია კი პარლამენტს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან აზიანებდა.
სამოქალაქო ომის დროს დაზიანებული შენობის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდა. აღდგენილი შენობა კი კიდევ ერთხელ უკვე მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააზიანეს, როდესაც პარლამენტის ქუთაისში გადატანა და პარლამენტის ისტორიული შენობის გაყიდვა გადაწყდა.
"ქართული ოცნება" 2012 წლიდან, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გეგმავდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას, თუმცა უშედეგოდ. მე-9 მოწვევის პარლამენტმა დედაქალაქში დაბრუნება მოახერხა.
2020news.ge