(რეზონანსი) ავლაბრის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი უნდა გადავიდეს - განუცხადა "2020NEWS"-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ნუკრი ქანთარიამ. მისივე თქმით, ავლაბრის რეზიდენციაში მუზეუმის განთავსება ცალკე ხარჯებს მოიცავს, რადგან შენობას შესაძლოა, გადაკეთება დასჭირდეს.
"არ არის გადაწყვეტილი ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსება თუ არა. პირადად მე ამ იდეას მხარს არ ვუჭერ და მიმაჩნია, რომ იქ პრემიერ-მინისტრი უნდა გადავიდეს.
მუზეუმი კარგია, მაგრამ შესაძლოა შენობას გადაკეთება დასჭირდეს და ამაში კიდევ ცალკე თანხაა საჭირო. ამიტომ ყველაზე მეტად ვემხრობი, რომ პრემიერ-მინისტრი გადავიდეს ავლაბრის რეზიდენციაში", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შევიდა, ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლე უფუნქციოდ დარჩა. უმრავლესობამ ავლაბრის რეზიდენციის ფუნქციონალურ დატვირთვაზე კონსულტაციები დაიწყო. ერთერთ ვარიატად იქ ეროვნული მუზეუმის განთავსების ვერსია განიხილება.