რეზონანსი
04.02.2019

 (რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. პროექტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. ერთ-ერთი ცვლილება ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლისთვის ქულების დაკლებას გულისხმობს.

ცვლილების მიხედვით, საგზაო უსაფრთხოების სფეროში იგეგმება პასუხისმგებლობის გამკაცრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე, ასევე გაფართოვდება ქმედებები, რომლებიც დასჯადი იქნება.

მათ შორის ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას.

"მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი.

ცვლილებით განისაზღვრება მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ამოქმედების ვადა. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - წერია პროექტის განმარტებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს მთავრობის შემდეგ პარლამენტი საგაზაფხულო სესიებზე განიხილავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×