რეზონანსი
04.02.2019

 (რეზონანსი) 52 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" გელა ჯოჯუა უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ აბროსკინი წერს.

ვიაჩესლავ აბროსკინის თქმით, გელა ჯოჯუა, რომელსაც ქურდულ სამყაროში "გელა თბილისსკის" სახელით იცნობენ, ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდა, უკრაინის მოქალაქე გამხდარიყო.

"ახლა კი იგი პოლიციას მიმართავს, მიიღონ შესაბამისი ზომები მის სამშობლოში დასაბრუნებლად", - წერს სოციალურ ქსელში აბროსკინი.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ „კანონიერი ქურდი" ხელმძღვანელობდა ისეთ დაჯგუფებებს, რომლებიც უმეტესად ავტომობილების და ბინების ძარცვით, ასევე „საქმის გარჩევის" მიზნით, თავდასხმებით არიან დაკავებულნი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული დაჯგუფებების წევრები უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან.

უკრაინის ეროვნული პოლიცია გეგმავს, მიიღოს შესაბამისი ზომები „კანონიერი ქურდის" საქართველოში დასაბრუნებლად, თუმცა როგორც "პრაიმტაიმს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, "კანონიერი ქურდის" საქართველოში დეპორტაციის შესახებ რაიმე სახის შეტყობინება უკრაინელი კოლეგებისგან ჯერჯერობით არ მიუღიათ.

გელა ჯოჯუა უკრაინაში 2017 წელს ორჯერ დააკავეს. პირველ შემთხვევაში ის რუსეთში გააძევეს, თუმცა რამდენიმე თვეში კვლავ უკან დაბრუნება მოახერხა და კვლავ უკრაინის იზოლატორში აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ამჯერად მისივე სურვილით, "კანონიერ ქურდს" საქართველოში გამოამგაზავრებენ.

 

პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×