(რეზონანსი) ტელეკომპანია "მაესტროს" დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, არხის წარმომადგენლები არ ადასტურებენ. "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ფუტკარაძე არ ადასტურებს არხის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
"2020NEWS"-სთან საუბარში ფუტკარაძე აცხადებს, რომ არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. "მაესტრო" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ამ დროისთვის არხზე არ მიმდინარეობს არანაირი რეორგანიზაცია", - აღნიშნა გიორგი ფუტკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს ტელეკომპანიაში ჩვეულებრივ ჩატარდა თათბირი და დაიგეგმა დღის მიმდინარე ამბები. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ ვრცელდება ინფორმაცია "მაესტროს" შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია მაესტრო, რომელიც 2017 წლის ივნისიდან "იმედის" შენობიდან მაუწყებლობს, იხურება და ჟურნალისტებს "იმედში" მუშაობა შესთავაზეს.