(რეზონანსი) ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს.
როგორც დათუნაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ის დგას არჩევანის წინაშე - ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.
„მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.
ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს", - ნათქვამია დათუნაშვილის გაცხადებაში.
24 იანვარს სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
მას სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბისას ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავებიან.