რეზონანსი
03.02.2019

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვიავი-ქიწნისის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სამივე სოფელ ტყვიავის მკვიდრი იყო - გიორგი მერებაშვილი 22 წლის, თორნიკე გიგუაშვილი 19-ის, დავით ცოტნიაშვილი კი 18-ის.

სოფელ ტყვიავის მკვიდრი მომხდარ უბედურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ „თორნიკეს დედ-მამა არ ჰყავდა, პატარა ძმაზე და მოხუც ბებია-ბაბუაზე ზრუნავდა".

„თორნიკეს დედამ წლების წინ ოჯახი მიატოვა და ისე აღმოჩნდა მეორე ქორწინებაში, რომ ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ იმ დღეს გაიგო, როდესაც ბავშვებმა დედა მოიკითხეს და შინ არ აღმოჩნდა. თორნიკეს მამა ამის გამო ნერვიულობას გადაჰყვა და სამი წლის წინ გარდაიცვალა. ასე, რომ თორნიკე და მისი პატარა ძმა ბებია-ბაბუის და ბიძა-ბიცოლის იმედად დარჩნენ. ბიძა-ბიცოლა ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხია, მაგრამ თორნიკეს 8 წლის ძმა, მაინც თორნიკეს შესცქეროდა, სულ უფროს ძმაზე იყო "აწებებული". ამ ბავშვის სიხარული თორნიკე იყო და არც კი ვიცი, როგორ გამოვა ამ სტრესიდან"

სოციალური ქსელით მეთერთმეტეკლასელი დათო ცოტნიაშვილის ვიდეო ვრცელდება, სადაც ლექსებს კითხულობს.

„უსაყვარლესი ბიჭი იყო. თვალები მუდამ ისე უციმციმებდა, თითქოს ვარსკვლავებიაო. მთელი სკოლა ტირის დათოს. კარგი და შრომისმოყვარე მშობლების შვილი სხვანაირი ვერც იქნებოდა. მისი ოჯახი სოფელ ერედვიდან ლტოლვილია. მუხლჩაუხრელი და პატიოსანი შრომით იმდენი შეძლეს, რომ ტყვიავში სახლ-კარი იყიდეს. არ ულხინთ, მაგრამ ბედნიერები იყვნენ, - კოტეჯებში ვერ ვიცხოვრებთ, გვინდა ნამდვილ ეზო-კარში ვიფუსფუსოთო. შვილებსაც მშრომელებად ზრდიდნენ. დათოს ერთი ძმა ჰყავს, ისიც დათოსავით ნათელი ბავშვი ასეთი კარგი იყო გიორგიც. ის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ სოფელი უყვარდა და ხშირად ჩამოდიოდა. თითქოს აქაურობაზე იყო მიჯაჭვული. ახლა სამივე სამუდამოდ მიაბარეს ამ სოფლის მიწას", - ამბობს სოფლის მკვიდრის „კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×