(რეზონანსი) "2020NEWS"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ვივუსმა" მომხმარებლებზე სესხების გაცემა შეწყვიტა.
ლიტვურმა კომპანია "4Finance"-მა, რომელიც საქართველოში "ვივუსის" სახლითაა ცნობილი, სესხების გაცემის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია "2020NEWS"-ს კომპანიაში ოფიციალურად დაუდასტურეს.
"4finance Georgia" საქართველოში სესხებს აღარ გასცემს. თუმცა, საკრედიტო პორთფელის მართვას აგრძელებს", - განაცხადა "2020NEWS"-თან საუბარში "4Finance"-ის პრეს-სპიკერმა გაი მიდელტონმა.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ვივუსი", რომელიც ჯგუფ "4Finance"-ის ბრენდია, საქართველოს საფინანსო სივრცეში 2013 წელს შემოვიდა. მის ქართულ წარმომადგენლობას საქართველოს ყოფილი პრემიერი და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელი, ვლადიმერ გურგენიძე ხელმძღვანელობს.
ცნობისათვის, "ვივუსის" მთავარი პროდუქტი ონლაინ სესხების გაცემაა. კომპანია "4Finance" მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ოპერირებს.
კომპანიის 2005 წელს შეიქმნა, როდესაც ჯგუფმა "4Finance" შესთავაზა მომხმარებელს სრულიად ინოვაციური პროდუქტი, სწრაფი სესხი, რომელიც გულისხმობს სესხის მიღებას უმოკლეს დროში ონლაინ რეჟიმში. 2013 წელს აღნიშნული ბრენდი საქართველოში შემოვიდა და მომხმარებელს სწრაფი ონლაინ სესხები შესთავაზა.
ქართულ ბაზარზე 5 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში "ვივუსი" საგრძნობლად განვითარდა, რადგან მისი გუნდი პერმანენტულ რეჟიმში ცდილობდა მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებას.
როგორც "ვივუსში" აცხადებენ, საბოლოოდ მივიღეთ სწრაფი გრძელვადიანი სესხი vivus.ge -სგან, რომელთა გაცემაც 2018 წლიდან დაიწყო.