რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) შვილმკვდარი დედის ემოციური წერილი, რომელიც სასამართლო პროცესზე პროკურორმა წაიკითხა და რომელმაც დარბაზში მყოფთაგან გულრგილი არავინ დატოვა, მათ შორის არც განსასჯელის სკამზე მჯდომი 18 წლის გოგონა, რომელმაც 27 ნოემბერს ლისის ტბასთან ავტოავარიის შედეგად წლინახევრის ტასო ჯულუხიძის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ მ.ჯ-ს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი არ ესწრებოდა. აი რას წერს შვილმკვდარი დედა:

„გაფიქრებაც კი მზარავს იმისა, რომ შვილი აღარ მყავს. შვილი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ვატარებდი, დღეებს ვითვლიდი, რომ გულში ჩამეკრა, მომიკლეს. შვილი, რომლის თვალებშიც ვხედავდი ჩემს ბედნიერებას. მზე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებდა 27 ნოემბერს სამუდამოდ დამიბნელეს.

ეს ტრაგედია, სამწუხაროდ მხოლოდ ტასუნას გარდაცვალებით არ დასრულებულა. ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს უფროს შვილებს. მას შემდეგ პანიკური შიში აქვთ ავტომანქანის, გარეთ გასვლის, განათებულ ოთახში მარტო დარჩენის. მას შემდეგ ცალ-ცალკე ლოგინშიც ვეღარ წვებიან და ერთად წვანან.

რთულია ჩემთვის, როგორც დედისთვის გააზრება იმისა, რომ ამ ტრაგედიამ დაანგრია ჩემი ორი შვილის ფსიქიკა და სამუდამოდ გააჩერა ტასუნას გულის ცემა.

ყოველდღე ვუყურებ მის ხელუხლებელ ლოგინს, უჯრაში ჩალაგებულ ტანსაცმელს და მიჭირს გავაცნობიერო რომ ვიღაცის უპასუხისმგებლო გართობას შეეწირა ჩემი ტასუნას სიცოცხლე, რომ ის აღარასოდეს შემომანათებს თავის ცისფერ, ბრჭვიალა თვალებს. აღარასოდეს გამაცილებს ტკბილი კოცნით სახლიდან და აღარასოდეს დამხვდება სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს შეძახილებით - დედა", - წერს ლანა უნდილაშვილი.

ტრაგედიის დღეს ჯერ კიდევ 17 წლის მ.ჯ-ს ლისის ტბის მიმდებარედ შეყვარებული ახლადშეძენილი ავტომობილით მართვას ასწავლიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ მუხრუჭის და გაზის „პედლები" აერია, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე დიდი სისწრაფით შევარდა.

სწორედ ამ დროს გოგა ჯულუხიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ლისის ტბაზე სასეირნოდ ჰყავდა წაყვანილი. ბავშვები ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე სათამაშოდ შევიდნენ, რა დროსაც საავტომობილო გზიდან ML-ს მარკის ავტომობილმა დიდი სისწრაფით ჯერ სარეკლამო ბანერი, შემდეგ კი საგზაო ნიშნები და ბუჩქები გაარღვია და იქვე მყოფ წლინახევრის ტასო ჯულუხიძეს დაეჯახა.

თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანებით ბავშვი იქვე, წამებში გარდაიცვალა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×