(რეზონანსი) ფარული ჩანაწერის გამავრცელებლების გარდა, უნდა გამოვლინდნენ პირები, რომლებისგანაც დანაშაულებრივი განზრახვა წამოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ეკა ბესელია ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ბესელიას განცხადებით, ჩანს, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში.
„რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია და დასასრული არ არის, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. ამაზე მეტყველებს დაკავებულ პირთა რაოდენობაც, თუმცა როგორც ჩანს, ეს რიცხვი გაცილებით მეტია. ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს", -განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, შანტაჟის აღნიშნული ფორმა მის შესაჩერებლად არის გამოყენებული, რასაც დანაშაულის ჩამდენები ვერ მიაღწევენ.
"ეს ჩემზე არანაირად არ მოქმედებს, ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი, ამიტომ პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციაზე, რომელსაც ევალება, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიები დაცული იყოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მას დღეს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ექნება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, გამოძიებისგან მიიღებს ინფორმაციას, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.
შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.