რეზონანსი
30.01.2019

 (რეზონანსი) "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადასტურებს ინფორმაციას, რომ კახეთის სოფელ შაქრიანში კომპანია „Georgia in the word"-მა "ჰიბისკუს კანაბინუსი" მოიყვანა. როგორც კუპრავამ „2020NEWS"-თან განაცხადა, მოსავალი უკვე აღებულია, თუმცა მისი გადამუშავება მოხდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"დადასტურდა ინფორმაცია, რომ კახეთის სოფელ შაქრიანში კომპანია "Georgia in the word" -მა "ჰიბისკუს კანაბინუსი" მოიყვანა. როგორც კომპანიის წარმოამდგენლებმა მითხრეს, "ჰიბისკუს კანაბინუსში" მარიხუანას შემცველობა ძალიან მცირეა და ის, როგორც ნარკოტიკული ნივთიერება, არ გამოიყენება და რომ ის სამედიცინო დანიშნულებისაა.

თუმცა, არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ მხოლოდ კოსმეტიკური მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. სწორედ ეს იყო ჩემი მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ გამოეკვლიათ თუ რა დანიშნულებისაა. ასევე საქმე იმაშია, რომ როდესაც ადგილობრივებს შევხვდით, მათ მითხრეს, რომ იქ კრეფდნენ კანაპს ფარულად და მოიხმარდნენ, როგორც ნარკოტიკულ საშუალებას.

მოყვანილ "ჰიბისკუს კანაბინუს" რა ბედი ეწვია არ ვიცი. როგორც გითხარით, რამდენიმე ჰექტარზე იყო დათესილი და შესაბამისად,მ რამდენიმე ტონა მოსავალი იქნებოდა. ბუნებრივია მის ასე მალე გადამუშავებასაც ვერ მოასწრებდნენ. თუმცა ძალიან უცნაური დამთხვევა მოხდა. "კარფურში" აღმოვაჩინე კანაფის ზეთი, რომლის ღირებულებაც 150 ლარია. არის თუ არა იმ კანაფთან კავშირში, რომელიც მე გადავიღე ვერ გეტყვით, უბრალოდ მე ფაქტს წავაწყდი", - განუცხადა ზვიად კუპრავამ სააგენტოს.

მისივე თქმით, გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას. ზვიად კუპრავას განცხადებით, მისთვის ცნობილი არ არის გამოძიება დასრულდა თუ არა.

"გამოძიება დაიწყო 260-ე მუხლით, თუმცა გამოძიება შეწყდა თუ არა, ახლა ინფორმაცია არ მაქვს, ყოველშემთხვევაში შეწყვეტის შესახებ საბუთი", - განაცხადა "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, სოფელ შაქრიანში კანაფის პლანტაციების არსებობის შესახებ "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, 4 ჰექტარზე გადაჭიმული კანაფის პლანტაციის განვითარებას უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო კურირებს.

როგორც კუპრავა აღნიშნავს, კახეთის რეგიონში მარიხუანას პლანტაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ კუპრავამ სოციალურ ქსელში დაწერა და მტკიცებულებად ადგილზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×