რეზონანსი
28.01.2019

 განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ მისაღები და გამოსაშვები გამოცების სისტემა იყო უსამართლო, საშინლად არახარჯთეფექტური, შემაფერხებელი სკოლების განვითარებისთვის, საზიანო უნივერსიტეტების განვითარებისთვის და მიზნების შეუსაბამო.

“როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა იყო:

ა) უსამართლო – დამატებით უპირატესობას აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ იმით, რომ უკეთეს სკოლაში სწავლობდნენ, უფრო შეძლებული მშობლები ჰყავდათ და უფრო მდიდარ გარემოში იყვნენ დაბადებული.

ბ) საშინლად არახარჯთეფექტური – მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა რეპეტიტორობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაელახათ ისეთი ბარიერი, რაც მათ განათლებასთან კავშირში არ იყო. 

გ) შემაფერხებელი სკოლების განვითარებისთვის – კარგ სკოლებს ფოკუსს უცვლიდა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით რაც გამოცდაზე ბარდებოდა. 

დ) საზიანო უნივერსიტეტების განვითარებისთვის – აბიტურიენტები არჩევენ უნივერსიტეტებს, მაგრამ უნივერსიტეტები აბიტურიენტებს - ვერა. ეს საშუალებას არ აძლევს უნივერსიტეტს რომ შეიმუშავოს შედარებით რთული პროგრამა, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ შესაბამისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს მიიღებს. 

ე) მიზნების შეუსაბამო – უზარმაზარი თანხა იხარჯება შემოწმების ბიუროკრატიაზე და ნაკლები განათლების მხარდაჭერაზე. ყოველწლიურად ბაკალავრიატში პირველკურსელების საგრანტო დაფინანსებაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი ვიდრე მაგ. გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტია.

აქედან გამომდინარე, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯთეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ის ცვლილებები რაც მოხდა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს", - წერს ჯანაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×