რეზონანსი
28.01.2019

 (რეზონანსი) აბიტურიენტები კვირას, 3 თებერვალს განათლების სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ისინი მოითხოვენ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელების მსგავსად, მე-12 კლასელებსაც გაუუქმდეთ.

აქციის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.

"ყველა აბიტურიენტი, ვინც უსამართლობას არ ურიგდება, კვირას 3 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან და მშვიდობიანად მოვითხოვთ საკუთარი უფლებების დაცვას! გაუქმდეს მეთორმეტე კლასის გამოცდები, ისევე როგორც მეთერთმეტეებისა და მომავალი მეთორმეტეების გამოცდები გაუქმდა! კვირას 3-ზე, როდესაც წესით აბიტურიენტების უმრავლესობას გაკვეთილები აღარ გვაქვს, შევიკრიბოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები! მოგვცენ ეროვნული გამოცდების მშვიდად ჩაბარების საშუალება!", - წერია Facebook-ზე ღონისძიების ანონსში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში - ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×