რეზონანსი
27.01.2019

 26 წლის გიგა ბოლქვაძე სამართალდამცავებმა ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-18 სართულზე იპოვეს, ის ნაქირავები ბინის სააბაზანო ოთახში ე.წ. ხამუტებით იყო ხელ-ფეხ შეკრული. ოჯახი მის დახმარებას საკუთარი ძალებით 5 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. შსს-ს აჭარის სამხარეო მთავარ სამმართველოში გამოძიება გიგა ბოლქვაძის დედის, შუშანა ბოლქვაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

ყველაფერი 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა გიგა ბოლქვაძემ ნათესავი რეზო მიქელაძე გაიცნო. მიქელაძის მეუღლე ირწმუნება, რომ ბოლქვაძემ მას სხვადასხვა დროს 18 000 დოლარი ასესხა, რომელიც, თავის მხრივ, ასევე მეგობრებს გამოართვა, ნაწილი ნაღდი ფულის, ნაწილი კი ოქროს სახით. ამ ფაქტს არც თავად საქმის დაზარალებული უარყოფს.

რამდენიმე თვიანი უშედეგო მოთხოვნის შემდეგ, რეზო მიქელაძე მოვალეს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ნათესავთან ერთად შეხვდა. სწორედ ამ ჩიხში საუბრის შემდეგ რეზო მიქელაძემ მეგობარს, ირაკლი დუმბაძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა, დუმბაძე იმ დროს ნიკოლოზ მიქელაძესთან ერთად იყო. სწორედ მისი ავტომობილით აიყვანეს გიგა ბოლქვაძე სოფელ ნენიანში.

როგორც ირკვევა, სოფელ ნენიანში, სადაც დაზარალებულმა და ბრალდებულებმა ღამე გაათენეს, გიგა ბოლქვაძეს ხელ-ფეხი შეკრული არ ჰქონია და არც სახლში გადაადგილება შეუზღუდავთ მისთვის. მეორე დღეს, როცა გიგას ოჯახთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ბოლქვაძეები ვალს ვერ აბრუნებდნენ, რეზო მიქელაძემ მეგობრებთან ერთად ქობულეთში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე სოფელში მცირე ინციდენტი მოხდა:

"რეზო მიქელაძე ხელში სეკატორით მიადგა გიგა ბოლქვაძეს და უთხრა, შენი ოჯახის წევრები თუ ფულს არ დამიბრუნებენ თითს მოგაჭრი და შენს მშობლებს გავუგზავნიო", - წერია გამოკითხვის ოქმში.

ნენიანიდან წამოსვლის შემდეგ გიგა ბოლქვაძე და რეზო მიქელაძე ქობულეთში, ჩხეიძის ქუჩაზე ირაკლი დუმბაძის საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. მეორე დღეს მათ ისევ მიაკითხა ნიკოლოზ მიქელაძემ და ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც რეზო მიქელაძეს ბინა ჰქონდა ნაქირავები და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ირაკლი დუმბაძის ოჯახს ამ თემაზე  ღიად საუბარი არ სურს. ისინი ამბობენ, რომ ჯერ ვერც კი გაარკვიეს, რას ედავება დუმბაძეს გამოძიება. მათივე ინფორმაციით, არც ის იციან, დატოვეს თუ არა დუმბაძეების სახლში გიგა ბოლქვაძე ერთი ღამით. ოჯახი გამოძების შედეგს ელოდება.

თავად რეზო მიქელაძე არ უარყოფს, რომ ბოლქვაძეს ხელ-ფეხი  შეუკრა.

"საუბრისას გიგა ბოლქვაძესთან ერთად შევიმუშავე გეგმა, რომ წავიყვანდი ჩემთან გარკვეული დროით და მისი ოჯახის წევრებისგან მოითხოვდა თანხას, ბინაში ის იყო თავისუფლად, ვსადილობდით, ვსაუბრობდით და ველოდებოდით მის ნათესავებს. 24 დეკემბრის საღამოს, როცა ვქეიფობდით, ვთხოვე გიგას ეთქვა სიმართლე, თუ რისთვის მართმევდა ფულებს, რა დროსაც მიპასუხა, რომ გართობაში ხარჯავდა. ამის გამო ძალიან გავღიზიანდი და გიგა ბოლქვაძეს ხელებზე ვცემე ოთახის ფეხსაცმლით. 25 დეკემბერს შვილის სანახავად წავედი, იქამდე გიგა შევიყვანე სააბაზანო ოთახში, ხელები და ფეხები პლასტმასის ერთჯერადი მომჭერებით, ე.წ ხამუტებით შევუკარი და კარი დავუკეტე", - ამბობს "იმედთან" რეზო მიქელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×