დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტია, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, შარშან 30 ნოემბერს, თბილისში უკრაინელ მებრძოლებთან ერთად დააკავეს, ამჟამად გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ჩხეტიას ოჯახის ინფორმაციით, ლუკას ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება.
"ვიღაცამ დაურეკა ჩემს გოგოს გლდანის ციხიდან და უთხრა, რომ ლუკა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას დაეწყო ნერვული აშლილობა. ჩემი შვილი უდანაშაულოა და თვითონაც იციან ეს,მას იარაღი ჩაუდეს. ჩემს შვილზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. მივმართავ საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოუშვან ჩემი უდანაშაულო შვილი, რომელსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და იარაღი დაუდეს სასტუმროში-დილის 5 საათზე. ჩვენ, ლუკას ოჯახი ვერ შევეგუებით ამ უსამართლობას და მე და ჩემი ოჯახი თავს შევაკლავთ... თუ შედეგი არ გამოიღო აქციებმა, რომელსაც ლუკას ოჯახი და თანამოაზრეები ვაანონსებთ პროკურატურის წინ, მე და ჩემი მეუღლე დავიწყებთ შიმშილობას და შევაკვდებით ამ ამბავს, ჩემი უდანაშაულო შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ლუკა ჩხეტიას მამამ სერგო ჩხეტიამ.