(რეზონანსი) "ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა", - ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აკეთებს.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე წითელას 716 შემთხვევაა დაფიქსირებული და სტატისტიკა მზარდია.
"იმის გამო, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს და ყველაზე მაღალი რისკჯგუფია ორსულები, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები აიცრან და გუშინდელი მონაცემებით უკვე 100-მა ორსულმა მიმართა გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებს.
მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა. ქალბატონები, ვინც აპირებენ დაფეხმძიმებას, სასურველია, თუ არ არიან აცრილი, გაიკეთონ წითელას საწინააღმდეგო აცრა ორსულობის დადგომამდე სამი თვით ადრე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.