(რეზონანსი) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ერთი თავი ე.წ. წამახალისებელი ვიქტორინას ეთმობა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ე.წ. წამახალისებელი ვიქტორინა 2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში უნდა გამართულიყო, რისთვისაც ფედერაციამ 4300 ლარის ღირებულების 12 მობილური ტელეფონი შეიძინა.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მობილურები შეძენილია 20 დეკემბერს, თუმცა თავად შეჯიბრება 16-17 დეკემბერს გაიმართა.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „წამახალისებელი ვიქტორინა", რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული მაყურებლები უნდა გამოვლენილიყვნენ საერთოდ არ გამართულა.
"მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვიქტორინის ჩატარების ფაქტი. არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა და არ არის შემუშავებული მისი გამართვის და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი. დასკვნა მოცემული ხარჯვითი ოპერაცია შეიცავს ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს და ზრდის თაღლითობის რისკებს", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.